18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"როგორც კი შეთავაზება მივიღე, დავთანხმდი" - ევა გოცირიძე სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე გახდება

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე სავარაუდოდ, ევა გოცირიძე იქნება. მმართველმა გუნდმა ის ოფიციალურად დაასახელა და დღეიდან პარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვა იწყება. ევა გოცირიძეს დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. თავად ევა გოცირიძე აცხადებს, რომ როგორც კი მიიღო შეთავაზება, მაშინვე დათანხმდა.

„როგორც კი შეთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ეს ძალიან საპატიო თანამდებობა არის და ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც მე გამაჩნია, შევძლებ ამ ძალიან საპატიო მოვალეობის შესრულებას,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დღეს მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებით მისი ინიციატივაც განმარტა და აღნიშნა, რომ მისი მცდელობა შეეხებოდა არა მედიის შეზღუდვას, არამედ ჟურნალისტებისთვის ვალდებულებების შეხსენებას.

„ეს არ შეეხებოდა მედიის შეზღუდვას. ეს შეეხებოდა ჟურნალისტებისათვის იმის შეხსენებას, რომ ისინი არიან ვალდებულნი გაითვალისწინონ ის მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რომელიც ეკისრება ყველას, ვინც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს და განსაკუთრებით ჟურნალისტებს. სულ სხვა არის მედიის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, მედია არ უნდა იყოს შეზღუდული, მაგრამ ის თვითკონტროლი, რომელიც უნდა განახორციელონ ჟურნალისტებმა თავიანთი სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულებისას, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ -განაცხადა ევა გოცირიძემ. 

დღის ამბები