ევა გოცირიძის კანდიდატურას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს. მმართველმა გუნდმა ის ოფიციალურად დაასახელა და დღეიდან მისი კანდიდატურის განხილვა იწყება. ევა გოცირიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
თუმცა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხებს, ოპოზიციას უკვე აქვს მასთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებული.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი განმარტავს, მისი კვალიფიკაცია დაწუნებული იქნა ევროპის სასამართლოს მიერ, შესაბამისად პარტია ამ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენ ამ კანდიდატს მხარს ვერ დავუჭერთ და მიგვაჩნია, რომ მისი დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანოს დაკნინების გზაზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ პარტიას კარგად ახსოვს თუ როგორ იყო ის პოლიტიკური იარაღი იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების ხელში, „რუსთავი 2"-ის და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ.
„ჩვენ გვახსოვს ქალბატონი ევა გოცირიძის განცხადებები, თუ როგორ იყო ის პოლიტიკური იარაღი სასამართლო სისტემის შიგნით, იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების ხელში „რუსთავი 2“-ის და ზოგადად გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.