არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი," გიორგი პერტაიას საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, დაზარალებული სავარაუდოდ დღეს დაიკითხება.
მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე უკვე დაიწყო.
უფლებადამცველები ითხოვენ დროულად ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე მოხდეს სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დროულად არ ჩატარდება, შესაძლოა მტკიცებულებების განადგურებაც მოხდეს.
გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციას ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა მას 27 ნოემბერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე ნარკოტიკის ჩადებით და მეუღლის გაუპატიურებით დაემუქრნენ.
„სიმართლე დადგინდეს, არ მინდა რომ ასე გაგრძელდეს და ასე იყოს, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა ვერ შეძლოს ქუჩებში სიარული და ეშინოდეს იმის, რომ პოლიციის ვიღაც თანამშრომელი ცემა-ტყეპას და ფიზიკური შეურაცხყოფების მიყენებას დაუწყებს,“-განაცხადა გიორგი პერტაიამ.