"საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ. დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ამ მუხლით აქვთ შეჩერებული ადამიანებს,“ - ასე გამოეხმაურა „ახალი პოლიტიკური მოძრაობა-გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მარიხუანას პირადი მოხმარება დეკრიმინალიზებული გახდა.
„გირჩში“ მიაჩნიათ, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური უნდა იყოს და ასევე, ნარკოტიკების მოხმარება დასჯადი არ უნდა იყოს. პოლიტიკური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. იაგო ხვიჩიას თქმით, მარიხუანას პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის შემდეგ მოქალაქეებმა გარკვეული საკითხები უნდა გაითვალისწინონ.
„დღეს უფრო მეტად მინდა, ჩვენ და ქართველმა ხალხმა შინაურულად დავილაპარაკოთ, როგორ ვცხოვრობთ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იმიტომ, რომ ფაქტია, ჩვენი ცხოვრება ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება, მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში გაჩნდება უფრო მაღალი ხარისხის და რაოდენობის კანაფის პროდუქტი,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოძრაობა „თეთრ ხმაურშიც“ გამოეხმაურნენ. იურისტის, დავით სუბელიანის აზრით, მარიხუანას დეკრიმინალიზების შესახებ მიღებულ დადგენილებას პოლიტიკური ზემოქმედების ძალა აქვს.
„ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი დიდი მნიშვნელობა არის მისი პოლიტიკური ზემოქმედების ძალა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აქვს. უახლოეს ხანებში პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სთავაზობს - ეს არის ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.