შუკვანების და მურღვლიანების ვენდეტა სვანეთში. მესტიის სოფელ ლენჯერში წლების წინ დაწყებულ კონფლიქტს 77 წლის მამაკაცი სიცოცხლე შეეწირა. სასიკვდილოდ ნაცემი კანდიდ მურღვლიანი ადგილობრივებმა იპოვეს. მრავლობითი დაჟეჟილობებითა და მოტეხილობებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცის ცემისთვის ორი ადგილობრივი - პაატა და გოგი შუკვანები დააკავეს. შუკვანების მეზობლები და ნათესავები ამტკიცებენ, რომ პოლიცია შეცდა და სპორტსმენ ახალგაზრდებს სასიკვდილოდ არავინ უცემიათ.
ლენჯერის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაპირისპირება დაკავებულებისა და გარდაცვლილის ოჯახებს შორის წლებია, გრძელდება.
ორ ოჯახს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე წლის წინ დაკავებული სპორტსმენი ძმების საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს. შუკვანების ნათესავები და ახლობლები დანაშულში კანდიდ მურღვლიანს ადანაშაულებენ. სამართალდამცველები ამ ფაქტით დაინტერესდნენ, თუმცა შუკვანებმა მომხდარის გამო მაშინ არ იჩივლეს.
ინციდენტის გამო სოფელმა მურღვლიანების გასახლება მოითხოვა და ოჯახმა მესტია დატოვა. ადგილობრივებმა კი ხატზე დაიფიცეს, რომ მას დაბრუნების შემთხვევაში არავინ შეიფარებდა.
გარდაცვლილი კანდიდ მურღვლიანი ნასამართლევია. ის რამდენიმე წლის წინ მამაკაცის დაჭრის გამო დააპატიმრეს. 77 წლის კაცმა ციხე 3 თვის წინ დატოვა და პირობითი მსჯავრით შეეცვალა. მას შემდეგ მესტიაში, პრობაციის სამსახურში სიარული უწევდა.
შუკვანებს ხელს მისი მეუღლე ადებს და დასჯას მოითხოვს, თუმცა გარდაცვლილის და-ძმა, რომლებსაც წლების წინ მესტიიდან მათი ძმის გამო გადასახლება მოუწიათ, არ გამორიცხავენ, რომ შური იმან იძია, ვის გამოც მურღვლიანი სასჯელს იხდიდა.
ავტორი: ემა გოგოხია.