22 დეკემბერი 2024,   15:03
ვრცლად
პროკურატურა სააკაშვილისთვის ორთვიან შინა პატიმრობას მოითხოვს - სასამართლოსთან სპეცრაზმია მობილიზებული

უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ორთვიან შინაპატიმრობას მოითხოვს. საუბარია ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით შინაპატიმრობაზე. სასამართლო პროცესი პეჩერსკის ოლქის სასამართლოში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში უკვე გადაიყვანეს. 

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის თანაგუნდელების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების შესახებ დადგენილება დილით წინასწარი დაკავების იზოლატორში მიუტანეს, თუმცა დადგენილებაზე სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა.

სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. სამართალდამცველები იმყოფებიან შენობის შიგნითაც.

არსებული ინფორმაციით, დღეს გადაიდო ყველა სასამართლო სხდომა და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილება.

„დღეს დილით 7:50 საათზე, მიხეილ სააკაშვილს მიუტანეს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ, რასაც მიშამ ხელი არ მოაწერა, რადგან ადვოკატები არ ესწრებოდნენ ამ პროცესს. მოგვიანებით, ის მაინც მოიყვანეს პეჩურის სასამართლოში და ადვოკატებს გადასცეს შუამდგომლობა. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ პროკურატურა შინა პატიმრობას მოითხოვს. დილიდან ყველა სხდომა გააუქმეს და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, ბევრი ხალხი მოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დეპუტატები, ადვოკატები და მისი მეუღლე სანდრა შეუშვეს შიგნით. არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან რთულია ამის პროგნოზირება,“ - განაცხადა პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა ივან სლობოდიანუკიმ.

სასამართლოში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებას წინასწარი დაკავების იზოლატორში გეგმავდა. თუმცა, როგორც სააკაშვილის უფლებადამცველებმა გაარკვიეს, ის უკვე სასამართლოში იყო გადაყვანილი.

"არ შემიშვეს, თქვეს, რომ არ შეიძლება მიიღოს სტუმრები, მარტო წერილები გადავეცი, მეტი არაფერი არ შეიძლებოდა, არც წამალი, არც ტანსაცმელი. 12 საათზეა ჩანიშნული სასამართლო ძალიან პატარა ოთახში. ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ ცოტა გავლენა მოვახდინოთ ძალოვანებზე, იმიტომ, რომ შიგნით ვერ მოძრაობ. შენობაში ამდენი სამხედრო და სპეცრაზმის ადამიანია შიგნით მოთავსებული. ისე ეშინიათ, რომ რამე არ მოხდეს კბილებამდე არიან შეიარაღებული და მომზადებული,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 8 დეკემბერს დააკავეს, პრორუს ოლიგარქებთან კავშირის ბრალდებით, რასაც აბსურდად და ფაბრიკაციად მიიჩნევენ თავად სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც შეკრებილი არიან სასამართლოს შენობასთან.

დღის ამბები