„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის, გოგიტა დალაქიშვილის დაკავებას, მისი მეგობარი ბრალდებულის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. მიხეილ კაჭკაჭიშვილი „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დალაქიშვილის დაპატიმრება შესაძლოა, გამოწვეული იყოს მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსების გამო.
კაჭკაჭიშვილი არ უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის სახლიდან ამოღებულია ჩანაწერები, რომელშიც, მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, მათ შორის მმართველი გუნდის.
„გოგიტას წლებია, ვიცნობ. ჩვენ საერთო სამეგობრო გვყავდა, ზოგი ახლა ხელისუფლებაშია, ზოგი პარლამენტში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურია. ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება, ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, ბევრის გვარი გახდება ცნობილი. მას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ შესაძლოა, მე დამიჭირონ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მაღალჩინოსნების გვარებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, დაკავებაც და საქმეც. ფაქტია, რომ აშკარად პოლიტიკური ქვეტექსტი დაჰყვება,“- განაცხადა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა.
დალაქიშვილს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. შეგახსენებთ, გოგიტა დალაქიშვილი რამდენიმე თვის წინ ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მას თანაგუნდელების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და საპროტესტო აქციების მოწყობას სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ.