"მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა. პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ცოტა ხნის წინ ჩააგდო.
ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენდერული კვოტირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ იმსჯელებს, თუმცა განიხილავენ არა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კანონპრექტს, არამედ მმართველი გუნდის მიერ შედგენილ პროექტს.
„იყო დისკუსია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. კვოტირება არის ზოგადი პრინციპი, თუმცა საუბარი იყო კვოტების გადანაწილებაზე, პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის. ასევე საუბარი იყო გარკვეული ვადით ამ კვოტირების შემოფარგვლაზე. ეს საკითხები განიხილება, ამაზე შევჯერდებით უმრავლესობა და ამის საფუძველზე დაინიცირდება ახალი კანონპროექტი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.