„განსაცდელი არის გზა სასუფევლისკენ და მისი არ უნდა გვეშინოდეს. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან,“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. ილია მეორემ მრევლს ბზობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“დღეს არის ის დღე, როცა უფალი იესო ქრისტე იერუსალიმში ზეიმით შედის. სახარებაში წერია, რომ მთელი ქალაქი შეიძრა. მთელი ქალაქი აქებდა და ადიდებდა უფალს, ხვდებოდნენ, როგორც მეფეს: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა.” უფალი ხედავდა მომავალს და ტიროდა. ის ხედავდა, რომ ხალხი, რომელიც ერთ დღეს აქებს და ადიდებს მას, სამი დღის შემდეგ იტყვის: ჯვარს აცვი ეგეო! არ უნდა შეგვეშინდეს, როცა ღმერთი განსაცდელს გვიგზავნის. განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში,” - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.