მწყობრიდან გამოსული ჩინური კოსმოსური სადგური ატმოსფეროში 2 აპრილს შემოვა. თარიღი ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ დააზუსტა, თუმცა გეოგრაფიული ლოკაციები, სადაც შეიძლება ხომალდის ალმოდებული ფრაგმენტები ჩამოვარდეს, არ დაუკონკრეტებია. ჩინელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ატმოსფეროში შემოსვლისას ხომალდი მთლიანად დაიწვება და შანსი, რომ დედამიწას რაიმე სახის ზიანი მიადგეს ძალიან მცირეა.
"ტიანგონგ -ერთი"-ს ტრაექტორიას მეცნიერები მთელი მსოფლიოდან აკვირდებიან და აცხადებენ, რომ მონაცემების უკმარისობის გამო ალმოდებული ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილს ვერ აკონკრეტებენ. ექსპერტებმა მხოლოდ რისკის ზონა განსაზღვრეს. მასში ჩრდილოეთ ამერიკა, აფრიკა, ევროპის სამხრეთი რეგიონი, კავკასია და მათ შორის საქართველოც დასახელდა.