გამარჯვებაში მდებარე გაზგასამართი სადგურის სამი ცხრიანის ყოფილი დირექტორის სკანდალური აღიარება - თენგიზ კირთაძე ამტკიცებს, რომ გაზგასამართი სადგური ბუნებრივ აირს სახელმწიფოს წლების განმავლობაში ჰპარავდა.
მისი თქმით, სადგურიდან დაახლოებით სამას მეტრში სადგური ოფიციალურად მიერთებულია სახელმწიფოს კუთვნილ გაზის მილსადენზე. აქვე დგას გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მრიცხველი. თენგიზ კირთაძის თქმით, მრიცხველში გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან შეთანხმებით, დიდი ზომის საყელური იყო ჩასმული, შედეგად მრიცხველს აირი დიდი წნევით მიეწოდებოდა და გატარებულ ბუნებრივ აირს აღარ აღრიცხავდა. პარალელურად იქვე მცირე ზომის ონკანიდან სახელმწიფოსგან მოპარული აირი სადგურის უკან მიწაში სანახევროდ ჩაფლულ 60 ტონის მოცულობის ავზებში იტვირთებოდა და შემდეგ აქედან საკომპრესოროს გავლით მომხმარებელს მიეწოდებოდა. კირთაძის თქმით, აირის მოპარვის კიდევ რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა.
თენგიზ კირთაძე ამტკიცებს, რომ სქემა ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მფარველობით ხორციელდებოდა. მისივე თქმით საქმე მისმა მეგობარმა ლენტეხის რაიონის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ხვიჩა ქურასბედიანმა მოაგვარა. ის დაუკავშირდა მარნეულის ყოფილ გამგებელს პაატა აბრამიშვილს, რომელმაც მფარველობა თავის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის დის შვილს, კობა კობიაშვილს სთხოვა.
კირთაძის თქმით, მოგებული თანხის ნახევარი მფარველებს მიჰქონდათ.
თენგიზ კირთაძის ბრალდებებს მის მიერ დასახელებული ყველა პირი უარყოფს.