რკინიგზა თბილისიდან პირდაპირ ქუთაისის აეროპორტში-ასეთი პროექტის დასაწყისის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განცხადება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გააკეთა. მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ზუსტად ერთ წელში მატარებელი თბილისიდან პირდაპირ ქუთაისის აეროპორტში შევიდოდა და პროექტის პრეზენტაციაც გრანდიოზულად-თეატრალიზებული შოუთი აღნიშნა. ამ დანაპირებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ადგილზე გაკეთებული არაფერია. მეტიც, სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა.
„ჰაბ ჯორჯიას” დირექტორი თავიდანვე დაინტერესდა პროექტით და გადაწყვიტა გაერკვია რატომ არ გაკეთდა სარკინიგზო მაგისტრალი. ვასილ ურუშაძის ინფორმაციით პროექტის პრეზენტაცია ისე ჩაატარეს, რისკები არ ჰქონდათ გათვლილი.
29 მარტს პრემიერ-მინისტრი ტურიზმის სფეროში გასული წლის მიღწევებზე საუბრობდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი P.S.-ის შეკითხვას არ უპასუხა და ერთი წლის წინანდელ დანაპირებზე კომენტარი არ გააკეთა.
მეორე დღეს 30 მარტს, გიორგი კვირიკაშვილი ხონში მაჟორიტარობის კანდიდატის წარსადგენად წავიდა, სადაც სხვა თემებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზას, რომელიც მისივე დაპირების თანახმად ახლა უკვე მზად უნდა იყოს, 2019 წელს გაიყვანენ.