ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა პირველ საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მართავს. ფესტივალის ორგანიზატორი თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტია. უმაღლესი ჯილდო გამარჯვებულისთვის 200 ათასი რუბლია. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 32 ფილმი მონაწილეობს და ის 2-დან 6 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალის შესახებ უკვე აქტიურად წერს რუსული და აფხაზური მედია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან 3 ათასამდე განაცხადი შევიდა. სხვადსხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობს ფილმები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან.
თუ ფესტივალის საერთაშორისო მონაწილეები საქართველოს გვერდის ავლით სოხუმის ტერიტორიაზე შევლენ, ამით დაარღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ის, რომ საერთაშორისო კინოფესტივალზე საოკუპაციო რეჟიმი დიდ იმედებს ამყარებს, ამას ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას განცხადებაც ადასტურებს.
ავტორი: რუსკა გიორგაძე.