თბილისის გენერალური გეგმა, რომელზეც ერთდროულად 60-მა ექსპერტმა იმუშავა, თბილისის მერიამ დაიწუნა. ქალაქის მთავრობამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რამდენიმე ათეული პუნქტი დაახარვეზა.
როგორი იქნება თბილისი 2030 წლისთვის - გენგეგმის ავტორებმა 3 კონცეპტუალური მიმართულებით იხელმძღვანელეს: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი, კარგად შეკავშირებული ქალაქი.
კომპაქტურობა გულისხმობს, ქალაქმა შეწყვიტოს საზღვრების გაფართოება და მხოლოდ შიგნით განვითარდეს. კომპაქტურობა არ გულისხმობს კორპუსსა და კორპუსს შორის ახალი ცათამბჯენის ჩადგმას. გენერალური გეგმის ავტორები ამბობენ, რომ თბილისს ამის რესურსი აქვს, რადგან მიტოვებული ფაბრიკა-ქარხნების და გამოუყენებელი მიწების სახით 8 ათასი ჰექტარი თავისუფალი სივრცეა. ეს დაახლოებით 4 ვარკეთილისხელა დასახლებაა.
დღეს თბილისში 1 ადამიანზე 4 კვადრატული მწვანე სივრცე მოდის, როდესაც ევროპული ნორმა 15-18 მეტრ კვადრატია. ახალი გენგეგმა განაშენიანებული თბილისის შიგნით სიმწვანის მინიმუმ 3-ჯერ გაზრდას გულისხმობს.
გამწვანების იდეა გულისხმობს თბილისის მთების დაცვასაც. გენგეგმის ავტორები ტრამვაის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ჭავჭავაძის გამზირზე გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაციაა, ცალკე გამოიყოს ავტობუსის ზოლი და დაემატოს ველობილიკი. მთავრობა ამტკიცებს, რომ მოცემულობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია, რამდენადაც გამზირის სიგანე სულ 19 მეტრია.
კიდევ ერთ კატეგორიის შეცდომაზე საუბრობს ქალაქის მთავრობა. რუსთაველზე გადაღებულ ფოტოზე შეცდომით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსია მითითებული. კორექტორი კი ამბობს, რომ ეს მაღლივი კი არა თეატრალური ინსტიტუტია.
გენგეგმის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ პროექტს მცირე ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ არა პრინციპული.