შპს „აკა“-ს ყოფილი მეწილე დავით ძოწენიძე ამტკიცებს, რომ „მერსედესის“ ცენტრის, იგივე შპს „აკას“ 20%-იანი წილი წაართვეს. ძოწენიძე ამბობს, რომ შპს „აკას“ 20%-იანი წილი 1992 წლიდან მისი საკუთრებაა. როგორც თვითონ ყვება, თავდაპირველად ის კომპანიის დირექტორიც იყო, მაგრამ 1996 წელს პარტნიორთან, კახი ასათიანთან უთანხმოების შემდეგ თანამდებობა დატოვა და მხოლოდ წილი დაიტოვა. 2006 წელს კი ძოწენიძემ საკუთარი დივიდენდის გატანა მოითხოვა, თუმცა მას უთხრეს, რომ კომპანიის წილი 1996 წლიდან აღარ ეკუთვნოდა. ძოწენიძესა და ასათიანებს შორის 2007 წელს დაწყებული სასამართლო დავა საბოლოოდ 2012 წელს დასრულდა. ყველა ინსტანციაში და ყველა პროცესზე გამარჯვებული სწორედ ძოწენიძე აღმოჩნდა.
2015 წელს კი ასათიანების მოთხოვნით პროკურატურამ ძიება დაიწყო და უმოკლეს დროში გამომძიებლებმა ახალი დოკუმენტი იპოვეს, რომელიც ძოწენიძის სიცრუეს ამტკიცებდა.
ძოწენიძის ადვოკატი თვლის, რომ პროკურატურის მიერ მოძიებული დოკუმენტი ყალბია, რადგან ის არაა დამოწმებული ნოტარიულად და არაა გატარებული სამეწარმეო რეესტრში.
საბოლოოდ კი, ძოწენიძეს 20% ჩამოართვეს და ასათიანების ოჯახს მიაკუთვნეს. ამ ყველაფერს კი ახლა უკვე წაგებული მხარე ტელეკომპანია „მაესტროს“ და მის აქციონერებს შორის გარჩევებს უკავშირებს, რადგან „მერსედესის“ ცენტრში გარჩევის პარალელურად დაიწყო გარჩევა ასათიანებსა და ძმებ გაჩეჩილაძეებს შორის, რომლებიც იმ დროს ტელეკომპანია მაესტროს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.
ვის ეკუთვნის სადავო წილი და რით დასრულდება თითქმის 22-წლიანი საქმეების გარჩევა - საბოლოო სიტყვა ახლა უზენაესმა სასამართლომ უნდა თქვას.
ავტორი: მიშა სესიაშვილი.