თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე შეთანხმება მიღწეულია. დედაქალაქის მერმა "სითი ინსტიტუტს" სრული დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადა 1 ივნისამდე მისცა.
თბილისის მერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „სითი ინსტიტუტი“ შესაბამისი კორექტივებით დოკუმენტს სწორედ 1 ივნისამდე წარმოადგენს.
როგორც უკვე ცნობილია, მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.
"სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლების თქმით, დედაქალაქის გარეუბნებში გარკვეულ მონაკვეთებზე გაცემულია მშენებლობის ნებართვები, გენგეგმის ავტორები კი ფიქრობენ, რომ იქ მშენებლობა დაუშვებელია, შესაბამისად მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ისე რომ არ დაზარალდეს კერძო მესაკუთრეების ინტერესები და თანაც უსაფრთხოების ნორმები იქნას დაცული.
ასევე მხარეები დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულების მექანიზმზე შეთანხმდნენ.
„ძირითადად მაინც საუბარი არის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე ან უსისტემოდ არის დაგეგმარებული და გაცემული ნაკვეთები, ასეთია, დიდი დიღმის მიმდებარე ფერდები, დიდგორის მიმდებარედ, შინდისის, თბილისის ზღვასთან არის ასეთი ტერიტორიები.
ცალკეული ტერიტორიები, რომლებიც შეზღუდვის ზონაშია. იცით, რომ შეზღუდვები შემოვიღეთ და დავადეთ კვლევის საფუძველზე იმ ტერიტორიებს, სადაც არის გეოდინამიკური საფრთხეები“-ამბობს „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე.
ქალაქ-მგეგმარებელი, გენგეგმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არსებობს რამოდენიმე რეგულირების გეგმა. მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, გეგმის ავტორები აღნიშნულ საკითხებს მერიის შესაბამის სამსახურებთან შეათანხმებენ.
რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, ბოლქვაძის თქმით, ამ საკითხზე არსებობს შეთანხმება, რომ იქ მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ეს მონაკვეთი რეკრეაციული ზონაა.