17 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს სხდომები საზოგადოებისთვის შესაძლოა, საერთოდ დაიხუროს - არამოსამართლე წევრები ინიციატივას არ იზიარებენ

კლანურ მმართველობაში არაერთგზის დადანაშაულებული იუსტიციის საბჭოს სხდომები საზოგადოებისთვის შესაძლოა საერთოდ დაიხუროს - ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს ეკუთვნის.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომები ღია ფორმატში აღარ უნდა გამართოს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს სხდომები სულ უფრო ემსგავსება სატელევიზიო რეალითი შოუს.

„ზოგჯერ გადაიზრდება სხდომა რეალითი შოუში, ეს ფორმა არ მომწონს. მე ვთქვი, რომ უფრო საქმიანი მინდა, რომ იყოს საბჭოს სხდომები, უფრო სამუშაო რეჟიმში უნდა იყოს და არა პოპულისტური განცხადებების კეთების ტრიბუნა,“ - განაცხადა მეთოფიშვილმა.

სერგო მეთოფიშვილის ინიციატივას საფრთხედ მოიაზრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, სხდომების დახურვა საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო სისტემას.

„მოსამართლე წევრებს, რომელთაც აქვთ კონკრეტული სუბიექტური ინტერესები და როგორც წესი, ამ ინტერესების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ ექმნებათ დისკომფორტი, როდესაც სხდომები არის საჯარო და როდესაც საზოგადოებას აქვს ყოველმხრივ სრული ინფორმაცია სხდომების მიმდინარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიხუროს სხდომები და საზოგადოებას არ მიეწოდოს ინფორმაცია მათი გავლენების შესახებ, მათი მოტივაციის შესახებ ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრი გეგმავს, რომ პალრამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს, რათა კანნონმდებლობით განისაზღვროს საბჭოს სხდომების ღიაობა.

დღის ამბები