"ბახალას" ბრალი დაუმძიმდა - მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალი დღეს გააცნეს.
მსახიობს გამოძიება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება. გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ შსს-ს მიერ მოყვანილ პერიოდში ის თურქეთში იმყოფებოდა.
ადვოკატი, გიორგი მახარაძე შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობს.
„გიორგი გიორგანაშვილი უნდობლობას უცხადებს მთლიანად გამოძიებას, რომელიც ამ საქმეზე წარმოებს, ვინაიდან, სწორედ ეს შსს-ს ის ქვედანაყოფია, რომელმაც ჩაუდო მას 45 აბიო ნარკოტიკული საშუალება,’ - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, „ბახალა“ ირაკლი ქორიძეს ბიზნესპარტნიორი იყო, ხოლო ჯაბა ხულორდავას პირადად არ იცნობს.
გიორგანაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის 8 წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.
იმ შემთხვევაში თუ მსახიობს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის საქმეზე მონაწილეობა დაუმტკიცდება გიორგანაშვილს 15 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
აღნიშნულ საქმეში, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ბრალდებით "კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის ძმის შვილი, ირაკლი ქორიძეც დაკავებულია.
ირაკლი ქორიძეს პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში შემოტანას ედავება.