17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს - ომბუდსმენი ანგარიშში მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე საუბრობს 

ომბუდსმენის ანგარიში უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი და მის განხილვას საკანონმდებლო ორგანო უახლოეს დღეებში დაიწყებს. საუბარია 2017 წლის ანგარიშზე, რომელიც სახალხო დამცველმა დღეს წარადგინა.

დოკუმენტში , სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოხვდა პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერების და მისი გასაჯაროების ფაქტები. კერძოდ, კი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და მიხელ სააკაშვილს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრები.

"2016 წლის 14 სექტემბერს, 27 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს მასმედიით გავრცელდა პოლიტიკოსთა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს, დაზარალებულად ან ბრალდებულად კი ამ დრომდე არავინაა ცნობილ,”- წერია განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება 2015 წლის 24 და 29 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის საუბრებს ასახავდა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საქმეზე გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გრიფი „საიდუმლო“ დაედო და გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოვდა".

გარდა ამ საკითხისა, ომბუდსმენის ანგარიშში პირველად ბოლო წლების განმავლობაში დაბრუნდა ცნება - სიცოცხლის უფლების ხელყოფა. ანგარიშში საუბარია ასევე რუსთავი2-ის საქმეზე და ქვეყანაში მედია თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემებზე, ასევე ქალთა გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სხვა გამოწვევებზე. ტერმინი სიცოცხლის უფლების ხელყოფა კი ომბუდსმენმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას გამოიყენა, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

დღის ამბები