17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"გავეცნობით თითოეულ წინადადებას ამ ანგარიშში და შემდეგ გამოვიტანთ დასკვნებს"- მმართველი გუნდი ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება

ომბუდსმენის ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას გახმაურებულ საქმეებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები მაქსიმალურად ცდილობენ მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და ასევე საქმის მასალებთან წვდომა ჰქონდეს დაცვის მხარეს.

ამ შემთხვევაში საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.  

„მე მესმის რომ იქნება კონკრეტული საქმეები , სადაც იქნება მეტი ინტერესი საზოგადოების და ჩვენი საგამოძიებო სტრუქტურები მაქსიმალურად ახდენენ ინფორმირებას საზოგადოების იმ დოზით რა დოზითაც შესაძლებელია, რომ საჯარო ინტერესს ზიანი არ მიადგეს. რა თქმა  უნდა პროცესის მონაწილეებს აქვთ სრული წვდომა მტკიცებულებებზე და საქმის მასალებზე განსაკუთრებით დაცვის მხარეს . დაზარალებულის მხარე არის უფრო შეზღუდული მაგრამ მათაც ექნებათ შესაძლებლობა მასალების გაცნობის. ყოველ წელს , 2013 წლიდან რეკომენდაციების ძალიან დიდ ნაწილს ვიზიარებდით და შემდეგ ამ რეკომენდაციების შესრულებას ვაკვირდებოდით.  სრულიად ახალი სტანდარტია დამკვიდრებული. მე ვურჩევ ოპონენტებს გაეცნონ 2013 წლიდან ამ პრაქტიკას, რაც დავამკვიდრეთ ჩვენ პარლამენტში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტისთვის არის ერთგვარი საშუალება, რომ გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი ზოგადად არის პარლამენტის საშუალება საიმისოდ, რომ მან ეფექტურად განახორციელოს თავისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საპარლამენტო ზედამხედველობა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის და ამ შემთხვევაშიც ყურადღებით გავეცნობით თითოეულ წინადადებას , რომელიც ამ ანგარიშში იქნება მოცემული და ამის შემდეგ გამოვიტანთ  სათანადო დასკვნებს. და ამის შემდეგ არ არის გამორიცხული შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ და გავაძლიეროთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქცია ამ შემთხვევისთვისაც,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ომბუდსმენის ანგარიშში პირველად ბოლო წლების განმავლობაში დაბრუნდა ცნება - სიცოცხლის უფლების ხელყოფა. ანგარიშში საუბარია ასევე "რუსთავი2"-ის საქმეზე და ქვეყანაში მედია თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემებზე, ასევე ქალთა გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სხვა გამოწვევებზე. ტერმინი სიცოცხლის უფლების ხელყოფა კი ომბუდსმენმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას გამოიყენა, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

ასევე, დოკუმენტში მოხვდა პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერების და მისი გასაჯაროების ფაქტები. კერძოდ, კი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და მიხელ სააკაშვილს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრები.

 

 

დღის ამბები