ქობულეთის მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ადგილობრივები მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.
ისინი შიშობენ, რომ 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია საზღვაო სეზონის დაწყებამდე ვერ მოესწრება.
8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს დაკვეთით მიმდინარეობს. ადგილობრივების მტკიცებით კი, იქ სამუშაოები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.
დღეს აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე შეხვდა და განაცხადა, რომ სამუშაოების ტემპებით ისიც უკმაყოფილოა.
„მინდა გითხრათ, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ტემპით არც მუნიციპალიტეტის მერია და არც დამკვეთი არ არის კმაყოფილი, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამუშაოები დასრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში,“ - განაცხადა ქობულეთის მერმა.