საპარლამენტო უმცირესობა სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო გახდება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის ანგარიში უფრო მეტად ქმედითუნარიანი გახდება.
„ან უნდა გამკაცრდეს კანონო და სასტიკად დაისაჯონ ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამას არ ემორჩილებიან , ან სახალხო დამცველის კანონი უნდა შეიცვალოს ან უბრალოდ უნდა ვაღიაროთ , რომ ეს ფაქტობრივად არის უუნარო ორგანიზაცია, რომელსაც არავითარ ანგარიშს არ უწევს დღევანდელი ხელისუფლება. და ხელისუფლება ფაქტობრივად არ უწევს ანგარიშს არც სახალხო დამცველს, არც პოლიტიკურ პარტიებს, არც საზოგადოებას. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოხსენების იგნორირება ერთ-ერთი მაჩვენებელია ამ ხელისუფლების გასვლისა კონტროლის ზონიდან,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების იგნორირებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც“.
სერგო რატიანის განცხადებით, აუცილებელია, რომ ოპოზიცია იყო მობილიზებული და მოახდინოს სათანადო ზეწოლა მმართველ გუნდზე ომბუდსმენის რეკომენდაციები „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს.
„სახალხო დამცველის ანგარიშში არის უამრავი შენიშვნა , რომელსაც შემდეგ პარლამენტი უბრალოდ აღარ ითვალისწინებს და ეს არ არის სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის სამოქმედო გეგმა . ეს არის უბრალოდ მოსმენა მოსმენისთვის. აუცილებელია , რომ ახალი სახალხო დამცველის შენიშვნები გადავიდეს შემდეგ პარლამენტის ანგარიშში და იყოს დავალება ასე ვთქვათ ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
ომბუდსმენის ანგარიშში პირველად ბოლო წლების განმავლობაში დაბრუნდა ცნება - სიცოცხლის უფლების ხელყოფა. ანგარიშში საუბარია ასევე რუსთავი2-ის საქმეზე და ქვეყანაში მედია თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემებზე, ასევე ქალთა გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სხვა გამოწვევებზე. ტერმინი სიცოცხლის უფლების ხელყოფა კი ომბუდსმენმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას გამოიყენა, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ასევე, დოკუმენტში მოხვდა პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერების და მისი გასაჯაროების ფაქტები. კერძოდ, კი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და მიხელ სააკაშვილს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრები.