17 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გერმანიის მოქალაქე, ლაშა აბზიანიძე ბრალს არ აღიარებს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გერმანიის მოქალაქე, ლაშა აბზიანიძე ბრალს არ აღიარებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ადვოკატი, ელენე ლაზარიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულის საქმესთან კავშირს დაადასტურებს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია თბილისში მის ნაქირავებ ბინაში ჩაატარეს. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული სახლი ლაშა აბზიანიძეს რამდენიმე ადამიანთან ერთად ჰქონდა ნაქირავები და ამ სახლს საღამოების მოსაწყობად იყენებდნენ.

უფლებადამცველის განცხადებით, ლაშა აბზიანიძის ერთ-ერთი ნაცნობი ნარკოტიკული საშუალების ფაქტზეა დაკავებული და არ გამორიცხავს, რომ სწორედ მან მიუთითა სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალებების ადგილმდებარეობის შესახებ.

„ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მისცა იმდენად არა ჩვენება, არამედ მითითება შსს-ს ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, რომ ინახებოდა ამა და ამ სახლში. ამ ადამიანსაც, ჩემი ინფორმაციით, შეხება ჰქონდა ამ სახლთან, ხშირად თავადაც სტუმრობდა,“ - აცხადებს ადვოკატი.

სამართალდამცველებმა ინტერპოლთან თანამშრომლობით გერმანიის მოქალაქე ლაშა აბზიანიძე თბილისში დააკავეს და 2644 აბი „ექსტაზი“, 323 აბი „სუბუტექსი“, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა" მის მიერ ნაქირავები ბინიდან ამოიღეს. 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები