17 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად" - ზვიად დევდარიანი 

„უკანასკნელი ორი კვირა იყო ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველი განმარტებები გააკეთა.  

მტკიცებულება რომ არსებობს, ამაზე კურიერთან ერთ-ერთი დაზარალებული საუბრობს. მის ვინაობას, მისივე მოთხოვნით არ ვასაჯაროებთ. ამ კონკრეტულ საქმეს უკვე სწავლობს სამოქალაქო სექტორი.

დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სამართლებრივ დავას იწყებს. ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„უკანასკნელი ორი კვირა იყო ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული, ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ჩემი ოჯახისთვის. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ამ დღეებში ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, რისთვისაც პირველ რიგში მათ ვუხდი ბოდიშს. მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად. ჩემი ერთადერთი მიზანი არის, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე,“ - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

განცხადება საქმესთან დაკავშირებით გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. ადვოკატის თქმით, ეს საქმე არის პრეცედენტული და უნდა გაირკვეს, სად გადის ზღვარი ძალადობას, რეალურ ფაქტებსა და ცილისწამებას შორის.

„ჩვენ ამ კონკრეტული საქმით გსურს, ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს წითელი ხაზი შანტაჟს, მუქარასა და შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შორის. ჩვენ  მოთმინებით ველოდებოდით, რომ გამოჩნდებოდნენ კონკრეტული სუბიექტები, ვინც მიმართავდნენ განცხადებით მათი ე.წ. შელახული  უფლებების დაცვის მოთხოვნით. მსგავსი რამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, არ მომხდარა,“ - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

დღის ამბები