არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის განცხადებებს, უფლებადამცველების მხრიდან საპასუხო კომენტარები მოჰყვა.
ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
„უფლებადამცველებს ცრუ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მიმართეს მსხვერპლებმა, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული ფაქტები ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ და ეს ქალები მეორე დღესვე ჩვენთან ერთად შეხვდნენ სახალხო დამცველს და თქვენ გახსოვთ, რომ სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ არსებობს ნიშნები სექსუალური შევიწროების და ძალადობის,“ - განაცხადა ”ქალთა მოძრაობის” წევრმა იდა ბახტურიძემ.
უფლებადამცველები კონკრეტულ ქალთა საქმეებს სწავლობენ, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რამდენიმე საქმე სახალხო დამცველს უკვე გადაეგზავნა, რომელიც მომხდარს პარალელურად იკვლევს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წევრი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია რამდენიმე ქალს იურიდიული დახმარებას დღემდე უწევს.
„სწორედ სახალხო დამცველი არის ის, ვინც უნდა შეისწავლოს ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ფაქტს და დაადგინოს,“ - აღნიშნა არგანაშვილმა.