გარდაცვლილი ჯარისკაცის, ბექა რუსიას, დედა ზუგდიდის ოლქის პროკურატურაში დაიბარეს. მას მისი შვილის ტანსაცმელი გადასცეს.
იზა რუსია აცხადებს, რომ ტანსაცმელზე სისხლის კვალი აღინიშნება. ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.
მისი თქმით, საქმეში ყველა დეტალი გაყალბებულია და ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ მკვლელობაში, დაწინაურებულები არიან. ამ გარემოებების გამო, იზა რუსია საქმის გასაჩივრებას სტრასბურგში აპირებს.
„ეს ჩემი ბექუნას ნივთებია, იმ დღეს, რომ ეცვა. მე ამას ხელახლა ექსპერტიზაზე გავგზავნი იმიტომ, რომ მე არ ვენდობი ამათ. ჩემი მოთხოვნაა, დაისაჯოს ალექსანდრე კვიჟინაძე, ვისი იარაღიც იყო. ეს იყო თავიანთი დაუდევრობით. იმ უფროსებს დაუდევრობით მოხდა ყველაფერი, მათი უყურადღებობით. ის იარაღი იქ რომ არ დაეტოვებინათ, დღეს ჩემი ბექუნა ცოცხალი იქნებოდა,“ - განაცხადა იზა რუსიამ.