17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
მიღებულია გადაწყვეტილება, შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი - ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი

ბათუმის პორტში რეორგანიზაცია შეჩერდა. განცხადება პორტის ხელმძღვანელობამ გააკეთა. ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი, დანიარ მუხამედ-რახიმი, ამბობს, რომ ყველა იმისკენ არის მიმართული, რომ პორტმა გამართულად იმუშაოს და შენარჩუნდეს სტაბილურობა.

„ბათუმის პორტში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარებული კონსულტაციებისა და აჭარის მთავრობის მიმართვის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი. უკვე მიღებულია ასევე გადაწყვეტილება, შენარჩუნებულ იქნას პორტში სოციალური სტაბილურობა. ყველა მიმართულია იმისკენ, რომ პორტმა გამართულად იმუშაოს. მჯერა, რომ ეს ასე იქნება,“ - განაცხადა დანიარ მუხამედ-რახიმმა.

მიუხედავად გენერალური დირექტორის განცხადებისა, პორტის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ და ისევ გაფიცულები არიან. ისინი განმარტავენ, რომ გენერალური დირექტორის განცხადება არ აკმაყოფილებთ და ძალაში რჩება მისი გადადგომის მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, ბათუმის ნავსადგურში 10-მდე თანამშრომელი შიმშილობს.

თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა.

დღის ამბები