17 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
რაც მეტი ჩაყვებით ამ კომპანიას, მით მეტად მოგიწევთ პასუხისმგებლობა - ოპოზიცია და "საყდრისის დაცვის კომიტეტი" ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა და საყდრისის დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებმა RMG Gold-ის ხელმძღვანელობის და მასთან დაახლოებული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის თქმით, აღნიშნული კომპანიის საქმიანობას ხელს ეკონომიკის სამინისტროც უწყობს. ნონო ბურჭულაძის თქმით, აუცილებელია, ამის გამო ეკონომიკის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს.

„სჯობს, ეკონომიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს იმიტომ, რომ კომპანიამ, რომელსაც 2017 წლის 12 ოქტომბერს უნდა გადაეხადა 43 მილიონი ლარი, მის გადახდას არ აპირებს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ამ კომპანიაზე გადაწყვეტილებაც კი არ აქვს მიღებული, დგას და დღემდე ახორციელებს კვლევით სამუშაოებს,“ - ამბობს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე.

მესამე სექტორის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ, თუ ხელისუფლებამ დროულად არ აღკვეთა RMG Gold-ის საქმიანობა, კომპანიის გაფართოების პროცესში ტყის მასივის დიდი ნაწილი გაიჩეხება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, RMG Gold უკანონოდ საქმიანობს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე და, თუ ეს ფაქტი ხელისუფლებამ არ აღკვეთა, მაშინ კომპანიის ხელმძღვანელობას და ამ კომპანიასთან გარიგებულ მაღალი თანამდებობის პირებს ჰოლანდიის (სადაც კომპანიაა რეგისტრირებული) სისხლის სამართლის კოდექსით ან ევროპული სამართლის მიხედვით მოეთხოვებათ პასუხი.

„ქარხანა დგას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ეს დანაშაული არ არის? ხაზს ვუსვამ, ეს არის დაწყებული 2014 წლიდან, საყდრისის აფეთქების შემდეგ დაწყებულია ახალი პოლიგონები, რომელიც გაიხსნა ამ ტერიტორიაზე.

„RMG Gold არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანია, ყველა მის ხელმძღვანელს, ყველა მის სახელთან დაკავშირებულ პირს მოუწევს პასუხისგება. თქვენ პროკურატურას რაც არ უნდა დაავალოთ, საქმე არ აღძრას, ჰოლანდიაში და ევროპულ სამართალდამცველ ორგანოებთან მოგიწევთ პასუხისმგებლობა. რაც მეტი ჩაყვებით ამ კომპანიას, მით მეტად მოგიწევთ პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ვაშაძის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ გადაამოწმებენ, რამდენად სარგებლობს კომპანია სახელმწიფოს კუთვნილი მიწით და კანონმდებლობის შესაბამისად ზომებს მიიღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები