მსჯავრდებული გიორგი შარაბიძე გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 6 დღეა, შიმშილობს. შარაბიძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში დამნაშავედ სცნო.
გიორგი შარაბიძე ითხოვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელით შეცვალოს.
ოჯახის მტკიცებით, შარაბიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, მის უფროს ძმას კი ქვეყნის დატოვება აიძულეს.
„რა მოტივით ატოვებინებდნენ ქვეყანას, ვერავინ ვერ გვეუბნებოდა. მისცეს ერთი კვირა ვადა და ზუსტად ერთი კვირა, რომ გავიდა, მომდევნო დღეს უკვე აკავებენ გიორგი შარაბიძეს და მას „უდებენ“ ნარკოტიკულ საშუალებას... გიორგი არა შკოდას მარკის ავტომობილით წაიყვანეს, არამედ ფორდის და მერსედესის ჯიპებით არის გადაყვანილი ატენის ქუჩიდან. ეს, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ ის ორი პოლიციელი ცრუობს,“ - განაცხადა გიორგი შაბაბიძის დამ - თამუნა ნაცარიშვილი.
დაცვის მხარეს აქვს ახალი მტკიცებულებები, რითიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატი მარინა კაკაურიძე აცხადებს, რომ შარაბიძის გენეტიკური პროფილი არ დაემთხვა ნარკოტიკულ ნივთიერებაზე აღმოჩენილ კვალს, რომელიც საქმეში დევს. ადვოკატის თქმითვე, თვითმხილველების ჩვენებებს ემთხვევა თავად შარაბიძის ჩვენებას.
კამპანიის არა ჩადებას ფარგლებში გიორგი შარაბიძის საქმეს თეთრი ხმაურის მოძრაობა სწავლობს და სამოქალაქო სექტორში შარაბიძის საქმეს წარსულში ნასამართლები ადამიანების დევნის კლასიკურ მაგალითად მოიაზრებენ.
ბექა წიქარიშვილის თქმით, სახელმწიფო გიორგი შარაბიძეს რესოციალიზაციის ნაცლად კვლავ დევნის.
გიორგი შარაბიძე 2017 წლის მარტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს და საქალაქო სასამართლომ მას ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა.