თანხას, რომელიც აუქციონზე ევკალიპტის ყიდვისთვის დასახელდა "დმანისის გადარჩენის ფონდი" დღეს გადაიხდის. ხის საფასური, 20 ათას 20 ლარი - 14-მდე პოლიტიკურმა პარტიამ 8 დღეში შეაგროვა.
აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია თანხის გადახდიდან 30 დღის განმავლობაში შეძენილი ქონების ტერიტორიიდან საკუთარი სახსრებით გატანა უზრუნველყოს, თუმცა ოპოზიცია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. მათი თქმით, მწვანე კონცხზე მდებარე სამასწლიანი ევკალიპტი ადგილზე დარჩება და ის ხალხის ძალის სიმბოლო გახდება.
„ჩვენი მოთხოვნაა ხე დარჩეს თავის ადგილზე. პირიქით, ეს ხე უნდა გახდეს ტურისტული ღირსშესანიშნაობა და სიმბოლო იმისა, რომ ხალხის ძალა უფრო დიდია, ვიდრე ხელისუფლების. ვერ გვაიძულებენ გადატანას. სამართლებრივად დალაგებული გვაქვს და ვიცით, როგორ უნდა დარჩეს ხე თავის ადგილზე,“- ამბობს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.