როგორ უნდა მოიქცეს დეპუტატი სამსახურში, მედიასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას - პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სესიაზე იგეგმება.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ "ქართული ოცნების" დამოკიდებულებიდან გამომდინარე მნიშვნელობა არ აქვს რა დაფიქისრდება კანონში - ის მაინც არ შესრულდება.
„როდესაც არ აქვთ არგუმენტი ოპოზიციის კითხვებზე ისინი გადმოდიან საზოგადოებისთვის მიუღებელი ლექსიკის გამოყენებაზე, როცა ხელისუფლება ასე იქცევა და პარალელურად ეთიკის კოდექსზე მსჯელობენ ეს ტრაგი-კომიკური ვითარებაა“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია.
კანონპროექტის მიხედვით, ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში დეპუტატს შესაძლოა ფულადი ჯარიმა დაეკისროს და შეეზღუდოს საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობა.
„საპარლამენტო ეთიკის წესებზე არის საუბარი და საუბარია ასევე რაღაც გარკვეული სანქციების გათვალისწინებაზე ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში. შეიქმნება ეთიკის საბჭო საბჭო იმსჯელებს ამ გადაცდომებზე. შესაძლოა იყოს ფულადი ჯარიმა, ასევე სანქცია გულისხმობს იმასაც, რომ შესაძლოა პარლამენტის წევრს აეკრძალოს ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის მიღება გარკვეული პერიოდის განმავლობაში,“- ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.