ტყიბულში მინდელის შახტთან საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ჩავიდნენ.
უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობა გასამკაცრებელია. მათივე თქმით, შრომის უსაფრთხოების კუთხით ჩავარდნა ნათელია.
„გვჭირდება სამართლებრივი ბაზის კიდევ უფრო დახვეწა. არ ვიცი, ეს იქნება გამკაცრება თუ რაც იქნება, ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ საბოლოო ჯამში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უზრუნველვყოთ სამართლებრივი ბაზა, აღსრულების მექანიზმი და კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს, რომ ადამიანებია ღარ დაიხოცონ სამუშაო ადგილებზე,“ -აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.
ტყიბულში იმყოფება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი. ცქიტიშვილი ამბობს, რომ აშკარაა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ჩამორჩენა. მისი თქმით, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა სამუშაო ადგილებზე ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის თქმით, კანონმდებლობა რამდენიმე მიმართულებით არის გასამკაცრებელი. ჯარიმების გარდა, უნდა დგებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
„სანამ ასე გადაგორდება ეს შემთხვევები მანამდე თვიდან თვემდე გვექნება რომ აი 4 კაცი, მერე გახდა ეს უკვე სტატისტიკა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი არ გამოიყენება, სულ სამ შემთხვევაში იქნა გამოყენებული. კომპენსაციებს რაც შეეხება სასამართლო კი არ აკისრებს კომპენსაციებს, კომპანიები თვითონ ოჯახებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს,“- აცხადებს კახიძე.