კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი აღასრულა. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა - სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა.
ამ დღესთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საკატედრო ტაძარში წირვა აღავლინა, რის შემდეგაც 12 სასულიერო პირს ფეხი დაბანა.
„დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები. ეს არის ის დღე როცა უფალმა დაბანა ფეხნი მოწაფეთათვის და აჩვენა სიმდაბლე თვისი. ამ დღეს მე მაკურთხეს დიაკონად. მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ,“-განაცხადა ილია მეორემ.