საპროტესტო აქცია სოფელ რუისპირში - ადგილობრივებმა ენერგო კომპანიის წარმომადგენლებს ელექტრო ბოძების ჩასმის საშუალება მხოლოდ სახელმწიფო ტერიტორიაზე მისცეს.
კერძო ტერიტორიაზე კი, სადაც სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, კომპანიას სამუშაოს გაგრძელების უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. საუბარია 13 ჰექტარ მიწის ფართობზე, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა და ადგილობრივების განცხადებით ის სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე, ფარულად გაყიდა.
რუისპირელები მფლობელს თანხის გადახდის სანაცვლოდ, ტერიტორიის დათმობას სთავაზობენ.
„იყო რამდენიმე კვირის წინ გუბერნატორთან შეხვედრა, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა, საუბარი ამ თემებზე, მაგრამ ჯერჯერობით, ფაქტიურად ჩანს, რომ არ გვიდგანან გვერდზე,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიხეილ ხანჯალიაშვილმა.
კომენტარი გააკეთა თავად შპს "ვილა გოდოლის“ წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსახლეობას არა კომპანიასთან, არამედ სახელმწიფოსთან აქვს პრეტენზიები.
„მე ვარ ჩვეულებრივი, პატიოსანი მყიდველი. სახელმწიფოსგან შეძენილი მაქვს მიწა და დამთავრდა. მათ ჩვენთან არ აქვთ პრეტენზია, პრეტენზია აქვთ სახელმწიფოსთან,“ - აღნიშნა გიორგი ქოჩლაძემ.