სახალხო დამცველი და საია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან. საუბარია „რუსთავი 2“-ის საქმეში მათ სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართვაზე.
სასამართლომ მათი თხოვნა იმ პირობით დააკმაყოფილა, რომ ომბუდსმენისა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს.
სახალხო დამცველი საქმის მნიშვნელობის თაობაზე, ხოლო საია − სამოქალაქო კოდექსის კონკრეტულ მუხლებსა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რომელიმე მხარის პოზიცია უნდა დავიკავოთ, ან წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები საქმეში არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით, არამედ სასამართლო მეგობრის მოსაზრება გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს დავეხმაროთ სამართლის განმარტებაში, მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზოგადად ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს "რუსთავი2"-ის იურისტიც.
„მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ მესამე მხარე მოქმედებს დამოუკიდებლად, ის არ ეხება ფაქტებს და უშუალოდ საქმის მასალებს, არამედ მისი მიზანია დაეხმაროს სასამართლოს. ვინაიდან სახალხო დამცველიც და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით აქტიურად იყვნენ ჩართული და მონიტორინგს უწევდნენ, ვთვლით, რომ მათ გააჩნიათ ძალიან დიდი ინფორმაცია ჩვენს საქმესთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაადგება სასამართლოს და საბოლოოდ დადებითად უნდა აისახოს საქმეზე,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.