მაშველებმა მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქე გადმოსვენება შეძლეს. სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენით დღეს დილით, 8 საათზე დაიწყო.
ამ დრომდე ცხედრის გადმოსვენება რთული ხილვადობის გამო ვერ ხერხდებოდა.
შემთხვევა გუშინ 4900 მეტრზე მოხდა. ორ ბელგიელ ტურისტს ქართველი გიდი ახლდა. თოკზე დაშვების დროს სამივე მათგანი მოწყდა.
სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მთამსვლელმა თავი კლდეს მიარტყა და ადგილზე დაიღუპა, დანარჩენმა ორმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებული ბელგიელი ტურისტი და მათი გიდი ამ დროისთვის ყაზბეგში იმყოფებიან.
„დასრულდა სამაშველო ღონისძიება, მიცვალებული გადმოსვენებულია, გუშინ რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა სამაშველო ღონისძიების გაგრძელება“- ამბობს მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ მონიავა.
გარდაცვლილი მთამსვლელის საქმეზე, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.