საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, უმრავლესობაში მონანიების კასკადი დაიწყო. ამჯერად სინანულს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი გამოთქვამს და საზოგადოებას პატიებას სთხოვს.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დეპუტატი ამბობს, რომ მან საპატრიარქოს მიმართ ნინია კაკაბაძის დამოკიდებულება იცოდა, თუმცა, კონკრეტული განცხადებები მოგვიანებით, მხოლოდ კენჭისყრის შემდეგ მოისმინა.
„ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ მქონდა მოსმენილი კაკაბაძის ასე მკვეთრად გამოხატული, უტიფარი განცხადება საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ, რომელიც სცილდება ყოველგვარი ეთიკის ჩარჩოებსაც კი და უკიდურესად შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ადამიანის უსპეტაკეს გრძნობებს.
"საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა. უფალმა ყველას მოგვიტევოს შეცოდებები,“ - აცხადებს ნავერიანი.
ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო, ბოდიში უკვე მოიხადა უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმაც.
"პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას... თუმცა, სამწუხაროდ დიდი რეაქცია მოჰყვა ამ ნაბიჯს ჩვენი საზოგადოების მხრიდან და გადავწყვიტე, რამდენიმე სიტყვით მომემართა,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.