ტყიბულში მინდელის სახელობის შახტი, სადაც ექვსი მეშახტე დაიღუპა, ამ დრომდე დაკეტილია.
ეს გადაწყვეტილება სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციით მიიღეს, რომელმაც ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები უნდა შეისწავლოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია.
ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქნახშირის კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისთვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები.
მინდელის შახტთან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაღუპულის პირადი ნივთები წაიღეს და ასევე ის ავტომანქანაც წაიყვანეს, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა.