ექსპერტები ტყიბულში, მინდელის შახტში, თითქმის, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სპეციალისტები ცვლის უფროსის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება და რომელსაც შახტში არსებული რისკები თანამშრომლების ჩასვლამდე უნდა შეემოწმებინა.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გეგმიური აფეთქების დროს აირი დაგროვდა, რაც ტრაგედიის წინაპირობა გახდა. მათი თქმით, ცვლის უფროსის ჩვენება იქნება მნიშვნელოვანი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვისი პასუხისმგებლობაც იყო იმ წუთებში იქ, მისი კომენტარის გაკეთება. ის ანაწილებს, ვინ რა უნდა გააკეთოს, რა დროს უნდა მოხდეს აფეთქება, გაზი თუ არის შიგნით, არ უნდა აფეთქდეს, მაგრამ სამთო დარტყმას თვითონაც ვერ გამოიცნობდა, როდის იქნებოდა,“ - განაცხადა მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსმა, პროფკავშირის წევრმა, გაგა ისაკაძემ.
მინდელის შახტში, სადაც 6 მეშახტე დაიღუპა, ამ დრომდე დაკეტილია. იქ მხოლოდ სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები ჩადიან, რომლებიც მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.