17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობა" - მმართველი გუნდი პატრიარქის ეპისტოლეს გამოეხმაურა

სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ოპოზიციის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ. შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით, სამების ტაძარში სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ყველას მიულოცა დღევანდელი დღე. მოგვიანებით, პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა პატრიარქის ეპისტოლე შეაფასეს.

„ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება დიდხანს გაგრძელდეს საქართველოში და მე მინდა საქართველოს ვუსურვო გამთლიანება. მინდა ყველას ვუსურვო ის უდიდესი სიხარული, რომელიც აღდგომის  ბრწყინვალე დღესასწაულს მოაქვს. როგორც ეპისტოლეში ბრძანეთ, მე მინდა საქართველოს ვუსურვო, რომ როგორც ჭეშმარიტად  ეკლესია არის სული ქვეყნის და ერი არის სხეული ქვეყნის გამთლიანებულიყოს ეს ღვთისგან შექმნილი ჰარმონია, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობავ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პატრიარქის ეპისტოლეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეპისტოლეს ის ნაწილი, სადაც საუბარია ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე.

„პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები რომლითაც უნდა იქნას გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის სიყვარული, ეს არის  შემწყნარებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობა რაზეც იყო ასევე საუბარი ეპისტოლეში და ეს თანამშრომლობა არის ნამდვილად აუცილებელი იმისთვის, რომ  განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და გაძლიერდეს ჩვენი საზოგადება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერმა კი ეპისტოლეს იმ ნაწილზე ისაუბრა რომელიც განათლებას და დემოგრაფიულ პრობლემებს ეხება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა ყოველთვის იდგა და დგას ენის, მამულის და სარწმუნოების დაცვაზე და ეს ნათქვამი იყო ეპისტოლეშიც.

„საუბარი იყო იმაზე რომ გარკვეული ჯგუფების მიერ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ჩვენი სარწმუნოების, ერის, მამულის წინააღმდეგ თუმცა მე მგონი იმის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს, რომ არსებობს ქვეყანაში საღი აზრი, რომელიც ყოველთვის იცავდა და დაიცავს ჩვენს ენას, მამულს და სარწმუნოებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები რაზეც საუკუნეებია იდგა, დგას და იდგება ჩვენი ქვეყანა,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები