პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ოპოზიცია ეხმაურება. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს ქვეყანას აწუხებს.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას იმ ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც არის დაგროვილი მოსახლეობაში და ასე იყო ახლაც. მე დარწმუნებული ვარ , რომ პატრიარქის სიტყვებს და პატრიარქის მოწოდებას გაითვალისწინებს ერიც და ბერიც,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზალიკო უდუმაშვილმა.
ეპისტოლეს გამოეხმაურა დავით ბაქრაძეც. ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ის პრობლემები, რომელზეც საუბრობს პატრიარქი მოგვარდეს.
„როგორც ყოველთვის უწმინდესის ეპისტოლე ნაკარნახევი იყო სიყვარულით და იმ პრობლემებით, რომელიც დღეს ქვეყანაშია. სწორედ ამიტომ საუბრობდა ის ეკონომიკურ პრობლემებზე, ამიტომ საუბრობდა დემოგრაფიულ პრობლემებზე. იმ ძალადობაზე დღეს ასე აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ამიტომ ჩვენი ვალია, რომ ვუსმინოთ ამ ეპისტოლეს. ჩვენი ვალია, რომ დღევანდელ ბრწყინვალე დღეს მეტი სიყვარული, მეტი სითბო და მეტი სიკეთე გვქონდეს გულში. და ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მდგომარეობა იყოს უკეთესი,“-განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.