22 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს" - პრემიერმა და მთავრობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს 

29 წლის წინ 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც. მემორიალთან მივიდა საქართველოს პრეზიდენტი.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თარიღი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ 1918 წელს გამოცხადებული პირველი რესპუბლიკის თარიღიდან. განსაკუთრებულია, ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს, რომლის მსგავსიც მე არ მახსენდება. ასეთი კონსოლიდაციითა და ქვეყნის გაერთიანებით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ავაშენოთ ძლიერი საქართველო და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო თავდაცვის მინისტრმა.

„ეს არის ჩვენი ერის ერთსულოვნების, თავისუფლების იდეის გარშემო კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითი. ამიტომ დღესაც და მომავალშიც, როდესაც ჩვენ ჩვენს თავისუფლებას და ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა ვიყოთ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვიყოთ ერთსულოვანი ყველა ქართველისთვის სანუკვარი იდეის გარშემო, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეის გარშემო“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა დედქალაქის მერიც. კახა კალაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. კალაძის თქმით, 9 აპრილის ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიაა.

„უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის... ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო , შენი ქვეყანა“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები