ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილე ნიგერიის მოქალაქეების დაკითხვა დღესაც გაგრძელდება. ოთხმა პოლიციის განყოფილება გუშინ გვიან ღამით დატოვა. ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირების და გამოძიების გაგრძელებას რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით ითხოვს.
„ჩვენი დაკითხვა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ვფიქრობ სამართალდამცველები დაინტერესებულები არიან ამ საქმის გამოძიებით. ყველაფერი გუშინ დაიწყო, როდესაც ფეხბურთის მოედანზე მამაკაცი მოვიდა და აგრესიულად შეეცადა ჩვენი თამაში შეეჩერებინა. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბავშვებს სტადიონიდან წასვლა ვაიძულეთ, რაც ტყუილია. ფეხბურთს ზრდასრული მამაკაცები ვთამაშობდით და იმის გამო რომ შეგვეშინდა, პატარა ბავშვებს შემთხვევით არ დავჯახებოდით, ვთხოვეთ, რომ სტადიონის კიდეზე დამდგარიყვნენ. არც ერთი ბავშვისთვის არ გვითქვამს მოედნიდან წასულიყო. ვერ ვხვდები რატომ იგონებს ხალხი ამას, ეს ძალიან გულდასაწყვეტია,“-აცხადებს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ნიგერიელი სტუდენტი.
სამართალდამცველებმა გუშინვე დაკითხეს დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებიც. ბელიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მცხოვრებლებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის მომხდარი კონფლიქტის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ დაპირისპირების მონაწილე მხარეები.
„იყო ბავშვების ჩაგვრა, დავინახე აცრემლებული ბავშვები და ჩავთვალე საჭიროდ რომ მივსულიყავი და გამომეკითხა რა ხდებოდა. რომ მივედი ძალიან აგრესიულად წამოვიდნენ. როგორც აწყობთ მათ, რა კადრებიც აქვთ გადაღებული,, რაც არ აქვთ კადრები გადაღებული, იმ მიმართულებით მიჰყავთ საქმე,“-აცხადებს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჯიქურაშილი.