არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელ სტუდენტებზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირების დროულად დასჯას ითხოვენ და საქმის გადაკვალიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, საქმე დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებებს ეხება, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.
სამოქალაქო სექტორი ასევე მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ დეტალურად შეისწავლონ, პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სავარაუდო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტიც.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მომხდარი ინციდენტი სახელმწიფოს მიერ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„მოვითხოვთ, რომ პოლიციამ ადეკვატური მსვლელობა მისცეს ამ პროცესს. ანუ გამოკვეთოს რასობრივი მოტივი, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე გაამახვილოს ყურადღება გამოძიებაში. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება არ მიმდინარეობს 53-ე პრიმა მუხლით,“-აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.