დედაქალაქის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. დაპირისპირებაზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის მოხდა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, თბილისი ყველაზე ტოლერანტული ქალაქია და მსგავსი ინციდენტები მიუღებელია. კალაძე გამოძიების დასრულებამდე ამ „ცუდი ლაქის“ დავიწყების ინიციატივით გამოდის.
კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, მოედანზე, სადაც ინციდენტი მოხდა ორგანიზება გაუკეთოს ამხანაგურ მატჩს, სადაც ნიგერიელ სტუდენტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ფეხბურთს ითამაშებს.
„მე მგონია არავის მოეწონა რაც იმ დღეს მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი.
რაც მოხდა ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო... ქართველებს არ გვჩვევია ასეთი რამ. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომ კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იგივე მოედანზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას და ვისაც სურვილი გაქვთ ჩვენც ჩავერთოთ. კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს, მინდა ვთხოვო ლევანს, რომ ორგანიზება გაუკეთოს“-განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.