დედაქალაქში პარკირების სისტემის მენეჯმენტს, დღეიდან სატრანსპორტო სამსახური იწყებს. უწყება "C.T. Park"-ის მოვალეობებს შეასრულებს და ჯარიმიდან შემოსულ თანხასაც თავად განკარგავს- ამის შესახებ თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
უკვე ცნობილია, რომ ამ ეტაპისთვის პარკირების მომსახურების საფასური არ შეცვლილა. შესაბამისი თანხის გადახდა ბანკების გარდა სწრაფი გადახდის აპარატებითაც იქნება შესაძლებელი.
„კომპანიაში არის სრული მზადყოფნა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი ტრანსპორტირებამ განახორციელოს. მინდა მოგაწოდოთ რამდენიმე ინფორმაცია. შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი. ასევე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, რომელიც იქნება ცაბაძის 2 ნომერში, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა იქნება შესაძლებელი სწრაფი გადახდის აპარატიდან და ბანკების მეშვეობით""-აცხადებს დედაქალაქის მერი.
„სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორის თქმით, ადმინისტრირებაში 140-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული, რომლებიც ქალაქის ქუჩებში, შესაბამისი აღჭურვილობითა და უნიფორმებით დღეიდან ივლიან. მამუკა კობახიძის თქმით, „სითი პარკის“ ყოფილმა 102 თანამშრომლებმა სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„დილიდან გასულია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საპარკინგე ადგილების მოწყობას, ასევე შუადღეს გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, მთლიანად აღჭურვილია კომპანიის ყველა თანამშრომელი.
პარკირების სისტემის ადმინისტრირებაზე იქნება ჩართული 140-მდე თანამშრომელი, აქედან „სითი პარკის“ 102-მა თანამშრომელმა გამოხატა მზადყოფნა გადმოსულიყო. დღეს მიმდინარეობს ტერენინგი“ -აცხადებს შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე.
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, ამოქმედდა „თბილისი პარკინგის“ ვებ-გვერდი, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ იმ სერვისებს გაეცნონ, რომელსაც შპს სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს.