17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"ტყიბულში ყოველ წელს გლოვის ხმა ისმის, ეს დიდი ტრაგედიაა" - დაღუპული მეშახტეების ოჯახებს ენმ-ს წევრებმა მიუსამძიმრეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიუსამძიმრეს. ოპოზიციის წარმომადგენლები უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტყიბულის შახტაში ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ამის მთავარი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის დაცული ჩვენი თანამოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი უფლება - სიცოცხლის უსაფრთხოების უფლება,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ტყიბულში მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც ექვსი მეშახტე დაიღუპა, სამი კი - დაშავდა, ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედიაა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მძიმე ტრაგედია, რომელიც ტყიბულში ტრიალებს, იქცა ტრაგიკულ ტრადიციად. პრაქტიკულად, ყოველ წელს გლოვის ხმა ისმის ტყიბულში და ათობით ახალგაზრდა იღუპება ყოველწლიურად. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელსაც არავინ არაფერს უპირისპირებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მინდელის შახტში დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთს დღეს კრძალავენ. სამგლოვიარო პროცესია ტყიბულში ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები