17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
დაზარალებული ვარ მე და იმათი მხრიდან არავინ... აგრესია მათი მხრიდან დაიწყო - ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები დაკითხეს

დიღმის პოლიციის განყოფილებაში, ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების დაკითხვა დასრულდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველების კითხვებს თვითმხილველები და ის ადგილობრივები პასუხობდნენ, ვინც უცხოელ სტუდენტებთან დაპირისპირებაში უშუალოდ მონაწილეობდა.

ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ინიცირებაში, კვლავ უცხოელ სტუდენტებს ადანაშაულებენ.

ინცინდენტის მონაწილე, რეზო კეპუტაძე აცხადებს, რომ დაზარალებული თავად არის. მისი თქმით, სტადიონზე სიტუაციის გასარკვევად პირველი  ის მივიდა.

კეპუტაძე ვერ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინციდენტის დროს სტადიონთან პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრები იმყოფებოდნენ.

"როგორც ატყობთ, დაზარალებული ვარ მე და იმათი მხრიდან არავინ. დაწყებული იყო იმათი მხრიდან აგრესია," - აცხადებს რეზო კეპუტაძე.

ადგილობრივების თქმით, უცხოელი სტუდენტები ბავშვებს ავიწროებდნენ და თამაშის უფლებას არ აძლევდნენ. მათივე განცხადებით, რომ უცხოელმა სტუდენტებმა პირველებმა დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" იურისტი, შოთა თუთბერიძე კი რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბევრი ფაქტორი კვლავ დასადგენია. ადვოკატის თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირება უნდა მოხდეს.

შოთა თუთბერიძე ტენდენციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამართალდამცავები დისკრიმინაციული მოტივის ამოღებას ცდილობენ.

„გამომძიებლები ცდილობენ ხოლმე დისკრიმინაციული მოტივის ამოღებას ან მიჩქმალვას გამოკითხვის ოქმებში, მათ შორის, ჩვენებებში ფორმულირებების თვითნებური ცვლილების გზით, როცა ცდილობენ, რომ ჩაწერონ ის ფორმულირება, რომელიც თვითონ ურჩევიათ და არა ის, რომელიც მოწმემ მიაწოდა,“ - განაცხადა იურისტმა.

დღის ამბები