17 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ევკალიპტებს და წიწვოვან ხეებს ჭრიან

ზუგდიდი-ანაკლიას ცენტრალურ გზაზე, ინგირის მონაკვეთთან ხეებს ჭრიან. წიწვოვანი და ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეების მოჭრას კეთილმოწყობის სამსახური გუშინ, გვიან ღამით, ამ მონაკვეთზე გაჩენილ ხანძარს უკავშირებს.

კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ხეები კი სრულად დაზიანებულია და ისინი გადაბელვას არ ექვემდებარება.

მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე ხანძარი ხელოვნურად, სწორედ ხეების დასაზიანებლად არის გაჩენილი. ისინი ხეების მოჭრას ზუგდიდიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღში კიდევ ერთი ხის გადატანას უკავშირებს.

ადგილობრივების თქმით, დღეს ზუგდიდი ანაკლიას აღნიშნულ მონაკვეთზე ივანიშვილის კიდევ ერთი ხე უნდა გაატარონ. იშვიათი ჯიშის საუკუნოვანი კატალპას ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა აჩუქა დღეს სოფელ ინგირიდან კახათში უნდა გადაიტანონ.

მოსახლეობას უკვე მიუვიდა შეტყობინება, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგია რამდენიმე საათით შეუწყდება. ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგიის გათიშვაც სწორედ ხის გადატანას უკავშირდება.

იშვიათი ჯიშის კატალპას ხე უკვე მეოთხეა, რომელიც ივანიშვილს სამეგრელოდან მიაქვს, მოსახლეობის თქმით, ყველა ხის გადატანისას მათ ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ იდენტური შეტყობინება გაეგზავნათ.

დღის ამბები