მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის პირველ საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია მასში დანგრეული საკლასო ოთახებია. ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, შენობა სრულად ამორტიზებულია და მისი დემონტაჟი აუცილებელია. განათლების სამინისტროს დასკვნის და სკოლის ავტორიზაციის არქონის მიუხედავად, სასკოლო პროცესი შენობაში არ შეჩერებულა. სკოლაში 400-მდე ბავშვი სწავლობს.
სკოლის დირექტორმა P.S. -ის გადამღებ ჯგუფს შენობაში შესვლის და გადაღების უფლება არ მისცა. ის ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ საქმე შეისწავლა და როცა მათი სკოლის რიგი მოვა, ახალს აუშენებენ.
ადგილობრივები, პირად საუბრებში ამბობენ, რომ წვიმის დროს, საკლასო ოთახები მთლიანად წყლით იფარება, ქარის დროს კი სიცივე ოთახებში შედის.
პირველ საჯარო სკოლაში სწავლება აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს.
სოფელ საბირქენდის მოსახლეობა ჩივის, რომ წლების მანძილზე მხოლოდ დაპირებებს ისმენენ.
სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ შენობის პრობლემით განათლების სამინისტროს 5 წლის წინ მიმართეს, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილია.
ადგილობრივები პირად საუბრებში ყვებიან, რომ თანხა, რომელიც სკოლისთვის იყო გამოყოფილი, მხოლოდ ღობის შემოვლებას ეყო.